ავტორიზაცია
ახალი მარტივი მეთოდი თმაში და სიმსივნის ქსოვილში ფეუმელანინის ეპრ სპექტროსკოპიის მეთოდით რაოდენობრივი განსაზღვრა (ასკორბინის მჟავის ანტიოქსიდანტური ეფექტის შეფასება)
ავტორი: მაია ტოპეშაშვილისაკვანძო სიტყვები: ფეუმელანინი, ეუმელანინი, ასკორბინის მჟავა, ეპრ სპექტროსკოპია
ანოტაცია:
ანოტაცია სადიპლომო სამუშაოში განხილულია სხვადასხვა ფერის თმაში ეუმელანინისა და ფეუმელანინის კონცენტრაციული თანაფარდობის და ფეუმელანინის რაოდენობის დადგენის ახალ მარტივ მეთოდს. კვლევების შედეგად შემუშავებულ იქნა საკალიბრო მრუდი, რომლის საშუალებითაც როგორც თმაში, ასევე კანში შეიძლება დავადგინოთ ეუმელანინის/ ფეუმელანინთან ფარდობის პროცენტული სიდიდე ნიმუშის ეპრ სპექტრის gexp-ფაქტორის და ხაზის სიგანის მიხედვით. ნიმუშის phe/eu კონცენტრაციული ფარდობის gexp ფაქტორზე დამოკიდებულება მიღებული იქნა ექსპერიმენტული მრუდის ხაზოვანი კომპონენტის ექსტრაპოლაციის გზით შავი თმის gexp ფაქტორის მიმართ. გარდა gexp ფაქტორისა, ეპრ სიგნალის ცენტრალური კომპონენტის სიგანე–Hpp ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას phe/eu კონცენტრაციული ფარდობის დასადგენად. ფეუმელანინის ტრიპლეტის ცენტრალური კომპონენტის სიგანე მეტია ეუმელანინის სინგლეტის სიგანეზე, რომელსაც ზედ ედება ფეუმელანინის ეპრ სიგნალი. ამდენად ფეუმელანინის კონცენტრაციის მატებისას gexp ფაქტორის ზრდასთან ერთად იზრდება ჟღალი თმის ეპრ სპექტრების ცენტრალური კომპონენტის სიგანეც. გარდა ამისა, სადიპლომო ნაშრომის კიდევ ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსული მეთოდის გამოყენებით დაგვედგინა ასკორბინის მჟავას, როგორც საუკეთესო ანტიოქსიდანტის ოპტიმალური კონცენტრაცია, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც დამცავ კრემებში, ასევე კანის სხვადასხვა დაავადების, მათ შორის მელანომას პრევენციისათვის. ადამიანის თმა, ისევე როგორც კანი, შეიცავს როგორც ეუმელანინს, ისე ფეუმელანინს და თმის ფერიც სწორედ მათი კონცენტრაციული თანაფარდობით განისაზღვრება. ეუმელინინიც და ფეუმელანინიც მაგნიტური თვისებების მატარებელნი არიან. კერძოდ ნებისმიერ თმის ეპრ სპექტრი წარმოადგენს ეუმელანინის სინგლეტისა და ფეომელანინის ტრიპლეტური სპექტრების სუპერპოზიციას. რაც შეეხება ასკორბინის მჟავას, იგი ცნობილია როგორც ძლიერი აღმდგენელი. ამასთან თვით ასკორბინის მჟავა დიამაგნიტურია და მას არ გააჩნია ეპრ შთანთქმის უნარი, მაგრამ დაჟანგული ასკორბინის მჟავა იძლევა ეპრ სიგნალის დუბლეტს ზენაზი დახლეჩით–1,8 ჰაუსი ე.ი. 0.18 მტლ. კვლევა ხორციელდებოდა შავ და ჟღალ თმებზე, იქიდან გამომდინარე, რომ შავი თმა ეუმელანინის ყველაზე მაქსიმალური კონცენტრაციით, ხოლო ჟღალი თმა ფეუმელანინის ყველაზე მაქსიმალური კონცენტრაციით ხასიათდება. მიზანი კი იყო ასკორბინის მჟავის იმ ოპტიმალური კონცენტრაციის დადგენა, რომელიც საკმარისია ანტიოქსიდანტური თვისებების სრულად გამოსავლენად და ამასთან გვსურდა დაგვედგინა ამ ოპტიმალური კონცენტრაციის ყველაზე აქტიური ზემოქმედების დროის დიაპაზონი. როგორც ექსპერიმენტის შედეგებიდან დადგინდა, ასკორბინის მჟავას ოპტიმალური კონცენტრაცია, რომელიც იწვევს ჟღალ თმაში ფეუმელანინის ეპრ სიგნალის სრულ გაქრობას ასკორბინის მჟავას 10 მმოლის ტოლია. აღმოჩნდა რომ ასკორბინის მჟავას 10მმოლზე მეტი კონცენტრაცია იგივე ეფექტს ახდენს ნიმუშზე, რასაც 10მმოლი. ამრიგად, მიგვაჩნია, რომ 10მმოლი არის ოპტიმალური კონცენტრაცია. ამასთან, კვლევებმა გვიჩვენა, რომ ასკორბინის მჟავა მოქმედებს არა მხოლოდ ფეუმელანინის თავისუფალ რადიკალზე არამედ ეუმელანინის თავისუფალ რადიკალზეც. ოპტიმალური დოზა როგორც ჟღალი, ასევე შავი თმის შემთხვევაში ერთიდაიგივეა 10 მმოლი. რაც შეეხება კინეტიკას, ანუ ოპტიმალური კონცენტრაციის ყველაზე აქტიური ზემოქმედების დროის დიაპაზონს, ეფექტი გრძელდება შავი თმის შემთხვევაში 3 სთ, ხოლო ჟღალი თმის შემთხვევაში 9 სთ. სწორედ ამ პერიოდში შეინიშნებოდა დაკვირვების პარამეტრების ყველაზე მკვეთრი ცვლილებები როგორც შავი, ისე ჟღალი თმის შემთხვევაში. ამ დროის შემდეგ კი პარამეტრების ცვლილება უმნიშვნელოა ჟღალი თმის შემთხვევაში, ხოლო შავი თმისათვის ის საერთოდ მუდმივი რჩება. ამასთან, გვინდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ულტრაიისფერი და ხილული სინათლის ზეგავლენის ეფექტი შავ და ჟღალ თმაზე და თავისუფალი რადიკალების გენერირების მოვლენა შეიძლება თავისუფლად იქნას გამოყენებული სხვადასხვა ანტიოქსიდანტების ანტიოქსიდანტური თვისებების შესასწავლად. მსგავსი კვლევების განსახორციელებლად ეპრ მეთოდი მეტად ინფორმატიული და მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი მონაცემები ვიქონიოთ მათი შემდეგი გამოყენებისათვის როგორც კოსმეტოლოგიაში ასევე დერმატოლოგიაში და მოგვცემს კანის სხვადასხვა დაავადებებისა და პათოლოგიური პროცესების პრევენციის შესაძლებლობას.