ka | en
Company Slogan TODO

გლობალური კლიმატის ცვლილება

ავტორი: ანა მესტვირიშვილი
ანოტაცია:

XX საუკუნის განმავლობაში, დედამიწის საშუალო გლობალური ტემპერატურა გაიზარდა 0,6°C-ით. განვიხილავთ გლობალური დათბობის მიზეზებს, სათბურის ეფექტს, სათბურის აირებს და მათ წყაროებს. მოხსენებაში ასევე განხილული იქნება მითები და ფაქტები გლობალური დათბობის შესახებ. წარმოდგენილი და გაანალიზებული იქნება ინსტრუმენტული მეტეოროლოგიური დაკვირვებების საფუძველზე აგებული გლობალური ტემპერატურის ტრენდები. გლობალური დათბობა არ ნიშნავს მხოლოდ გლობალური ტემპერატურის მატებას. გლობალური დათბობის შედეგად მსოფლიო ოკეანის დონე იწევს მაღლა, ხდება ნალექების განაწილების ცვლილება, მატულობს კატასტროფული მოვლენების რაოდენობა და სიხშირე, როგორიცაა: თავსხმა ნალექები, გვალვები, ექსტრემალური ტემპერატურები, ქარბორბალა და ა.შ. რაც სერიოზულ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ეკონომიკაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზეც კი, ამიტომ აუცილებელია რომ ეს სიტუაცია გაუმჯობესდეს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შემცირდეს ნახშირორჟანგის ემისია. აშშ მოსახლეობა შეადგენს მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ს, მაგრამ ლიდერობს მსოფლიოში სათბურის აირების გამონაბოლქვით; მეორე ადგილზეა ჩინეთი. განვითარებადი ქვეყნები ზრდიან ემისიას, ცდილობენ რა გააძლიერონ საკუთარი ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა. ეს მართლაც რთულ დილემას წარმოადგენს, რადგანაც, განვითარებადი ქვეყნების აზრით, ეს პრობლემა წარმოშვა განვითარებული ინდუსტრიული სახელმწიფოების მოქმედებამ და ეხლა კი ისინი მოითხოვენ, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა უარი თქვან ინდუსტრიალიზაციის სიკეთეებზე, რათა ატმოსფერო დაიცვან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კიოტოს პროტოკოლის მონაწილეები 1997 წელს შეთანმხდნენ, რომ ყველა ქვეყანა შეამცირებდა სათბურის აირების ემისიას არანაკლებ 5%-ით 1997 წლის დონესთან შედარებით. 150-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო ეს შეთანხმება. ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება, რომელიც კიოტოს პროტოკოლითაა დაგეგმილი, თანამედროვე შეფასებებით არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გლობალური კლიმატის გარემოს მოსალოდნელი ცვლილებები. მართლაც, შეფასებულია, რომ არსებული დათბობის ტრენდის შეჩერებისათვის საჭიროა საწვავის გამოყენების შემცირება სულ ცოტა 50%-ით, რაც გაცილებით უფრო რთულია, კიოტოს პროტოკოლით დასახულ მიზანთან შედარებით. ამიტომ სათბურის აირების ემისიის შემცირებასთან ერთად ჩვენ ასევე გვჭირდება მოვემზადოთ გარემოს იმ ცვლილებებისათვის, რომელიც გარდუვალი იქნება უფრო თბილ მსოფლიოში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com