ავტორიზაცია
ოქროს ქლორიდული კომპლექსები როდანინის წარმოებულებთან და მათი გამოყენება ქიმიურ ანალიზში
ავტორი: natia gogoberidzeანოტაცია:
ბუნებრივი და სამრეწველო ობიექტების შედგენილობის სირთულე, მათი ზუსტი და სწრაფი ანალიზის მეთოდების აუცილებლობა ქიმიკოს-ანალიტიკოსების წინაშე აყენებს ახალი, მგრძნობიარე, სელექტიური, სწრაფი და საიმედო მეთოდების შექმნის საჭიროებას, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ თანამედროვე მეცნიერებისა და წარმოების კონტროლის მოთხოვნებს. განსაზღვრის ახალი მეთოდების შემუშავებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანულ რეაგენტებს და მათ შორის აზონაერთებს. ისინი მაღალი მგრძნობიარობით, მაგრამ ნაკლები სელექტიურობით ხასიათდებიან. სელექტიურობის გაზრდის თანამედროვე ხერხები საშუალებას იძლევა განსაზღვრისათვის შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ისინი გახდნენ სპეციფიურები. ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ოქროს განსაზღვრისათვის ხშირად იყენებენ n-დი-მეთილამინობენზილიდენროდანინს, მაშინ როცა მათი აზონაწარმების ქიმიურ ანალიზში გამოყენების შესახებ ცნობები ძალზე მწირია. ჩვენი ნაშრომის მიზანია ოქროს განსაზღვრისათვის მოწოდებული ორგანული რეაგენტების რიცხვის გაზრდა, რადგან ოქრო იმ ელემენტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მიკრორაოდენობების განსაზღვრა სხვადასხვა საანალიზო ობიექტებში მოითხოვს განსაზღვრის სპეციფიკური მეთოდების ძიებას. დასახული ამოცანებიდან გამომდინარე სამაგისტრო ნაშრომის მიზანია [AuCl4]--ის 4-სულფოფენილაზოროდანინთან კომპლექსწარმოქმნის რეაქციის ოპტიმალური პირობების დადგენა, სპექტროფოტომეტ-რული მახასიათებლების გამოთვლა და წარმოქმნილი კომპლექსის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების დადგენა. ამ მიზნით ხელისშემშლელი იონების გავლენის შესწავლა კომპლექსწარმოქმნაზე, მათი გავლენის აცილების გზების მოძიება. მიღებული ექსპერიმენტული შედეგების საფუძველზე კი-ოქროს განსაზღვრის ახალი მეთოდის შემუშავება და ამ მეთოდით მისი განსაზღვრა ბუნებრივ და ტექნიკურ ობიექტებში. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ როდანინის სამი აზონაწარმიდან 4-მეთილფენილაზოროდანინიდან, 4-ქლორფენილაზოროდანინიდან და 4-სულფოფენილაზოროდანინიდან, საუკეთესო აღმოჩნდა 4-სულფოფენილაზოროდა-ნინი. ოქრო განსაზღვრული იქნა როგორც ბუნებრივ ობიექტებში (სულფიდური მადნები, კვარციტები), ასევე ტექნიკურ ობიექტებში (წარმოების ნარჩენები). ანალიზის შედეგების სისწორე შემოწმებულია ოქროს განსაზღვრით სტანდარტულ ნიმუშებში, ჩვენს მიერ მიღებული შედეგების შედარებით ატომურ-აბსორბციულ და ნეიტრონულ-აქტივაციური მეთოდით მიღებულ შედეგებთან.