ავტორიზაცია
მოსახლეობის დაბერების გლობალური ტენდენციები და საქართველო
ავტორი: თამაზი ბუცხრიკიძესაკვანძო სიტყვები: მოსახლეობა, დაბერება, ტენდენციები
ანოტაცია:
ანოტაცია მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება გლობალური პროცესია. 2050 წლისათვის ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, ბავშვებზე ორჯერ მეტი იქნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანთა რიცხოვნობა განვითარებად ქვეყნებში გაორმაგდება, ეს ტენდენცია სერიოზული შედეგების მომტანი იქნება ქვეყნებისა და მოქალაქეებისათვის. საქართველო დემოგრაფიულად დაბერებულ სახელმწიფოთა შორისაა. აღნიშნული პროცესი განსაკუთრებით გამძაფრდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, რაც განპირობებული იყო შობადობის მკვეთრი კლებითა და არნახული მასშტაბის ემიგრაციული პროცესებით. მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პროცესი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსათვის. ვინაიდან დაბერების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და ჩვენს ქვეყანას არ დაუგროვენია საკმარისი რესურსები, როგორც ეს მოხდა საბაზრო ეკონომიკის მქონე დასავლეთის ქვეყნებში. გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა სათანადო სტატისტიკური ინფორმაციისა და სხვადასხვა მაჩვენებლების საფუძველზე, მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების ტენდენციების შესწავლა და ანალიზი როგორც მსოფლიო, ასევე საქართველოს მასშტაბით. გარკვეული ყურადღება დაეთმო საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პერსპექტივებს. მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების შედეგად მსოფლიოს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური სისტემები ვერ გააგრძელებენ არსებობას პირვანდელი სახით, აუცილებელია მათი რეორგანიზაცია დროის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველოში 2012 წლის მონაცემების მიხედვით, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი (ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში), გაეროს მოსახლეობის დაბერების სტანდარტს (7%) 2-ჯერ აღემატებოდა. საქართველოში განსაკუთრებით დაჩქარდა მამაკაცებისა და ქალების დემოგრაფიული დაბერების პროცესი 1990-იანი წლებიდან, რაც განპირობებული იყო შობადობის მნიშვნელოვანი კლებითა და ფართო მასშტაბის მქონე ემიგრაციული პროცესებით, რის გამოც მოსახლეობის საერთო რაოდენობაში განუხრელად იზრდებოდა მაღალი ასაკის მამაკაცებისა და ქალების წილი. უკანასკნელ წლებში საქართველოში, მიმდინარეობს საპენსიო ასაკის მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის მატება. რაც გამოწვეულია აღნიშნულ ასაკში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობების შესვლით. საქართველოში დემოგრაფიულად ყველაზე დაბერებული რეგიონები არიან: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერების მიხედვით (1989 და 2002 წლები), შესწავლილი და გაანალიზებულია დღეგრძელი მოსახლეობის (80 წლისა და უფროსი ასაკის) რაოდენობა საპენსიო ასაკის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში, აგრეთვე იგივე მაჩვენებელი შესწავლილი და გაანალიზებულია 90 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის მიმართ რეგიონულ ჭრილში. გაეროს სპეციალისტების პროგნოზებზე დაყრდნობით, 2020-2100 წწ. პერიოდისათვის გაანგარიშებულია მოსახლეობის დაბერების ინდექსები, პოტენციური მხარდაჭერისა და მშობლების მხარდაჭერის კოეფიციენტები, 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი საპენსიო ასაკის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში, აგრეთვე დემოგრაფიული დატვირთვისა და მოსახლეობის მედიანური ასაკის მოსალოდნელი ცვლილებები 21-ე საუკუნის დასასრულამდე.
მიმაგრებული ფაილები:
მოსახლეობის დაბერების გლობალური ტენდენციები და საქართველო [ka]