ka | en
Company Slogan TODO

განათების გავრცელების სიმულაცია რეალისტური გამოსახულების მისაღებად

ავტორი: ირაკლი ქოიავა
საკვანძო სიტყვები: კომპიუტერული გრაფიკა, ფიზიკური სიმულაცია, რენდერი
ანოტაცია:

დღეს უკვე აღარავის უკვირს ფილმებში ის დაუჯერებელი კადრები და ეფექტები,რისი ნახვაც 20 წლის წინ გააოგნებდა მაყურებელს. ფილმების დიდ ნაწილში, კომპიუტერული დამუშავების სტადიაზე, გამოსახულების ნაწილობრივი ან/და სრული ჩანაცვლება ხდება. ჩანაცვლებული გამოსახულება კომპიუტერულად მუშავდება მაღალი სიზუსტის გამოთვლითი მეთოდებით და ერგება არსებულ კადრს ისე, რომ ეს პროცესი მაყურებლისთვის შეუმჩნეველი რჩება. არსებული ან/და ვირტუალური გარემოს გამოსახულების კომპიუტერული შექმნის და დამუშავების პროცესი თავის მხრივ საკმაოდ რთული და კომპლექსური ამოცანების გადაჭრას გულისხმობს. კინოინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინდუსტრიაა მსოფლიოში. თანამედროვე ფილმების ბიუჯეტი ასეულ მილიონებსაც კი აღწევს, რაც განპირობებულია ძვირადღირებული ტექნოლოგიებით, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი კადრებით და ფილმზე მუშაობის პროცესის სირთულით. როგორც ვთქვით ამ პროცესში კომპიუტერულ გრაფიკას დიდი როლი უკავია. მეორე, არანაკლებ დიდი, ძვირადღირებული და შესაბამისად მარკეტინგულად საინტერესო და მიმზიდველი ინდუსტრია გახლავთ კომპიუტერული ვიდეოთამაშები. ეს ინდუსტრია პირველად პერსონალური კომპიუტერების გამოჩენის დროს გამოჩნდა და მისი განვითარების პარალელურად ვითარდებოდა. კომპიუტერული ვიდეოთამაშები დღეს კინოინდუსტრიაზე არანაკლებ შემოსავლიანია. მაგალითად: პოპულარული ვიდეოთამაშის Grand Theft Auto(შემოკლებით GTA)-ს ბოლო ვერსიის გაყიდვებმა, გამოშვების დღიდან 24 საათში, 800 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია. კინოინდუსტრიისგან განსხვავებით, კომპიუტერულ ვიდეო თამაშები მთლიანად კომპიუტერულ გრაფიკაზეა დაფუძნებული. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ამ ორ, უზარმაზარ ინდუსტრიაზე კომპიუტერულ გრაფიკას ძალიან დიდი გავლენა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ინდუსტრია მარკეტინგულად ძალიან მიმზიდველია, რაც თემის აქტუალობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მოცემულ ნაშრომში განხილულია ვირტუალური გარემოს გამოსახულების მიღების საშუალებები კომპიუტერის მეშვეობით, განათების ფიზიკური გავრცელების 3 სიმულაციის გზით. ეს პროცესი გამოირჩევა თავისი კომპლექსურობით, რადგან მოითხოვს ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით: ფიზიკა, გამოთვლითი სტატისტიკა, წრფივი ალგებრა, გამოთვლითი გეომეტრია და, რა თქმა უნდა, ვიწრო მიმართულებები კომპიუტერული მეცნიერებიდან.


მიმაგრებული ფაილები:

სამაგისტრო ნაშრომი [ka]
წინასწარი პრეზენტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com