ka | en
Company Slogan TODO

თბილისის მიდამოების ნაოჭა სტრუქტურები

ავტორი: დავით მაქაძე
ანოტაცია:

თბილისის მიდამოებში აჭარა–თრიალეთის ნაოჭა ზონის შემდეგი სტრუქტურებია წარმოდგენილი (სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ): თელეთის ანტიკლინი, კრწანისის სინკლინი, მამადავითის ანტიკლინი, საბურთალოს სინკლინი, ლისის ანტიკლინი, დიღმის (ქვემო-ავჭალის) სინკლინი და მცხეთის ანტიკლინი. ეს ნაოჭა სტრუქტურები კარგად არიან გამოხატული და ხასიათდებიან განედური ან სუბგანედური მიმართებით. მხოლოდ საკვლევი ტერიტორიის ჩრდილო ნაწილში სტრუქტურების ღერძები აღმოსავლეთით იძენენ აღმოსავლურ-სამხრეთ-აღმოსავლურ (კავკასიონურ) მიმართებას. აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონისთვის დამახასიათებელი მიმართულების შეცვლა კავკასიონურით გამოწვეულია ამ სისტემების სტრუქტურების დაახლოებით, საქართველოს ბელტის დავიწროებით და უფრო ინტენსიური დაძირვით ქ. თბილისის მერიდიანზე და აღმოსავლეთით. როგორც სჩანს, კავკასიონური მიმართების სტრუქტურების მოძრაობა უფრო ინტენსიურია, რაც იწვევს თრიალეთის სტრუქტურების ღერძების მიმართულების შეცვლას და მათი აღმოსავლეთ ნაწილების გადაბრუნებას სამხრეთისკენ მცხეთა-ნორიოს ზოლში. საკვლევი ტერიტორიის თრიალეთური სტრუქტურების უმეტესობისთვის დამახასიათებელია ნათლად გამოხატული ასიმეტრიული აგებულება. ამასთან, ყველაზე სამხრეთით მდებარე ნაოჭი, თელეთის ანტიკლინი დახრილია სამხრეთისკენ, ართვინ-ბოლნისის ბელტისკენ, დანარჩენები კი ჩრდილოეთისაკენ. შესაბამისად, აქ დაიკვირვება აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ორმხრივი გადაბრუნება: სამხრეთით, ართვინ-ბოლნისის ბელტისკენ და ჩრდილოეთით, საქართველოს ბელტისკენ. აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის სტრუქტურების უმრავლესობის ღერძული სიბრტყეების ჩრდილოეთისკენ დახრა განპირობებულია ართვინ-ბოლნისის ბელტთან შედარებით საქართველოს ბელტის უფრო დაბალი ჰიპსომეტრიული მდებარეობით. ამის გამო, ჩრდილოეთისკენ მიმართული მოძრაობა უფრო საგრძნობია, გარდა თბილისის მიდამოების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა, სადაც უფრო ინტენსიურია სამხრეთისკენ მიმართული მოძრაობა. თრიალეთური სტრუქტურების შარნირები იძირება აღმოსავლეთ მიმართულებით. ამავე მიმართულებით დაიკვირვება დანაოჭების ინტენსიობის შემცირება და ნაოჭების ვირგაცია. სტრუქტურები ავლენენ კარგად გამოხატულ ტენდენციას გაშლისაკენ, ზოგიერთი მათგანი კი ისე ბოლოვდება, რომ ვერ აღწევს ზონის აღმოსავლეთ საზღვრამდე. ყველაფერი ეს მიუთითებს ნაოჭწარმომქმნელი ძალების შესუსტებასა და ნაოჭა ზონის დამთავრებაზე.


მიმაგრებული ფაილები:

თბილისის მიდამოების ნაოჭა სტრუქტურები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com